ევროპარლამენტის წევრებმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანთან დისკუსიის დროს იგი დაადანაშაულეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებაში და მკაცრად დაგმეს ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა, ასევე კორუფციის მაღალი დონე უნგრეთში.
ბევრმა ევროპარლამენტარმა, რომლებიც წარმოადგენენ პოლიტიკური ძალების ფართო სპექტრს, კონსერვატორებსა და მემარცხენეებს, ოთხშაბათს, 9 ოქტომბერს,სტრასბურგში ორბანის მისამართით მკაცრად ისაუბრეს.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გაიხსენა ორბანის ფართოდ გაკრიტიკებული „სამშვიდობო ინიციატივა“ გასულ ზაფხულს, რომელშიც ის, სხვა საკითხებთან ერთად, ეწვია ვლადიმირ პუტინს და დონალდ ტრამპს, ასევე ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს, ბრიუსელთან ამ ვიზიტების კოორდინაციის გარეშე.
„ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც ომის მიზეზს ხედავენ არა „პუტინის ძალაუფლებისადმი სწრაფვას, არამედ უკრაინის თავისუფლების წყურვილს“, - აღნიშნა მან.
თავის მხრივ, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) თავმჯდომარემ მარტინ ვებერმა განაცხადა, რომ ის "შოკირებულია" იმით, რომ ორბანმა ერთი სიტყვაც არ თქვა უკრაინის ომზე თავის გამოსვლაში.
მან დაგმო უნგრელი პოლიტიკოსის შეხვედრები პუტინთან, ტრამპთან და სი ძინპინთან და მათ "ავტოკრატებისთვის პროპაგანდისტული შოუ" უწოდა.
გამომსვლელთა შორის იყო ორბანის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი უნგრეთში - კონსერვატიული პარტიის (TISZA) ლიდერი პიტერ მადიარი, რომელიც ახლა ევროპარლამენტშია.
მან თქვა, რომ ორბანის დროს უნგრეთი გახდა „ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა ევროკავშირში“.
თავის მხრივ, უნგრელი მემარჯვენე პოპულისტმა ვიქტორ ორბანმა, რომელიც ხელისუფლებაშია 2010 წლიდან, დაადანაშაულა დეპუტატები სიცრუის გავრცელებაში მისი ქვეყნის შესახებ და „ერთგვარ ინტიფადაში“ უნგრეთის წინააღმდეგ, რომელიც ევროკავშირის თავმჯდომარეა მიმდინარე ნახევარი წლის განმავლობაში.
დაპირისპირების მიზეზი გახდა ორბანის გამოსვლა ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოში, სადაც უნგრეთის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, პრიორიტეტებზე საუბრობდა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტში მას „პოლიტიკური ინტიფადა“ მოუწყვეს.
ევროპარლამენტში ორბანის გამოსვლას დეპუტატების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა.
„მოხარული ვიქნებოდი, უნგრეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე მესაუბრა, რომელიც დღეს აქ წარვადგინე, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ თქვენ ეს არ გაინტერესებთ. პოლიტიკური ინტიფადა მოაწყვეთ. უნგრეთის შესახებ მთელი ეს მემარცხენე სიცრუე სუფთა წყლის პროპაგანდაა“, – განაცხადა ორბანმა.
ვიქტორ ორბანმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა უკრაინაში ომის დასრულების ევროკავშირის სტრატეგია და განაცხადა, რომ ეს უკრაინის დამარცხებას გამოიწვევს. მისივე თქმით, თუ ევროკავშირს უკრაინის დამარცხება არ სურს, უნდა მიმართოს პირდაპირ და ირიბ დიპლომატიას.
ვიქტორ ორბანის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ დეპუტატების ნაწილმა „ბელა ჩაო“ იმღერა.