კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, “ქართული ოცნების“ მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკები სიყალბეა და ისინი არჩევნებში 20 % -ზე მეტს ვერ აიღებენ.
"ქართული ოცნება" 20 პროცენტზე მეტს ვერ აიღებს, ამ არჩევნებში, შეიძლება 20-22 პროცენტი, მაგრამ სიყალბეა მათი ყველა ეს გამოქვეყნება (სტატისტიკა). ვიტყვი, რომ ეს გარანტირებული ხმა რომ არ დაიკარგოს, ჩვენთვის ხმის მიცემა, გარანტირებულად, დამარცხებას ნიშნავს "ქართული ოცნებისთვის". ბარიერს მიღმა რომ არ დარჩება, ეს ცხადია, თუმცა წარმატებას ვუსურვებ სხვებსაც, უბრალოდ, ვამბობ, რომ ყველაზე კარგი იქნება თუ "ქართული ოცნება" გავა მეორე ადგილზე და ჩვენ ასე ჩამოვაყალიბებთ კოალიციურ მმართველობას, შანსი გვაქვს, რომ პირველ ადგილზე გავიდეთ, აქედან გამომდინარე, ვამბობ ამას“, - განაცხადა ვაშაძემ გადაცემა “რეაქციაში“.
ვაშაძემ პრეზიდენტთან შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა ყველაზე სწორი იქნება, არჩევნებამდე ეს თემა დაიხუროს.
„რაც შეეხება პრეზიდენტთან დაკავშირებით სიტუაციას, შეიძლება სხვები რადიკალურად იყვნენ, ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს რადიკალური პოზიცია.
მოვუსმინეთ პრეზიდენტს, კარგი საუბარი იყო, მესმის, მისი წუხილი, რომ - ხომ არ იქნება რთული კოალიციური მთავრობის ფორმირება. პირდაპირ გეუბნებით, რომ არ იქნება რთული კოალიციური მთავრობის ფორმირება. გვაქვს გამოცდილება ოპოზიციურ კოლეგებთან თანამშრომლობის, ჩვენ, ძალიან სახელმწიფოებრივად მივუდგებით ამ საქმეს, ზუსტად, იქიდან გამომდინარე, რა მანდატებიც იქნება ხალხის მხრიდან გაცემული, ნებისმიერ პოლიტიკურ ჯგუფთან მიმართებაში.
ჩვენი პოზიცია იყო - მოვისმენთ, გუნდთან ერთად გავივლით. მაგრამ, გასავლელიც არაფერია, დავხუროთ ეს თემა, ეს იქნება ახლა ყველაზე სწორი, რადგან არ არის დრო, არჩევნებამდე 18 დღით ადრე, წამოიწყო ისეთი პოლიტიკური დისკუსია, რომელმაც შეიძლება 18 დღე გასტანოს“, - თქვა ვაშაძემ.