აბსოლუტური თანხვედრაა, პრეზიდენტის ეს როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, პარტიებს გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ კოალიციურ რეჟიმში გადავიდეთ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ძალიან კმაყოფილი ვარ, ეს იყო ძალიან დროული და საჭირო შეხვედრა. კმაყოფილი ვარ იმით, რომ სრული ურთიერთგაგება არის, თუ ვის რა პასუხისმგებლობა გვაქვს ამ კრიტიკულ კვირებში. ჩვენ ვსაუბრობთ, ცვლილება, რომელიც გარდაუვალია, როგორ განხორციელდეს ისე, რომ მოქალაქეები იყვნენ მშვიდად და ეს იყოს სტაბილური, მშვიდი პროცესი. ვილაპარაკეთ ძირითად პრინციპებზე და ასევე, კონკრეტულ ინიციატივაზე საარჩევნო ჯგუფის შექმნის, რათა იყოს სრული კოორდინაცია არჩევნების დღეს. ასევე, ვილაპარაკეთ, როგორ უნდა მოხდეს ცვლილების ეს გარდამავალი პერიოდი.
აბსოლუტური თანხვედრაა. პრეზიდენტის ეს როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, პარტიებს გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ კოალიციურ რეჟიმში გადავიდეთ, ამ მხრივ ძალიან კმაყოფილი ვარ და გავაგრძელებთ პრეზიდენტთან თანამშრომლობას“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ამასთან, ელენე ხოშტარიას განცხადებით, პრეზიდენტთან შეხვედრისას არ განხილულა კონკრეტული პიროვნებები, თუ ვინ შეიძლება იყვნენ დროებითი მთავრობის წევრები.
„ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა და პრეზიდენტი ძალიან კარგად ასრულებს და უმკლავდება ამას“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
დღეს, 7 ოქტომბერს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ქარტიით“ გათვალისწინებული დროებითი მთავრობისთვის კანდიდატების შესარჩევად პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციები დაიწყო.