2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრთან, ახსარ ჯიოევთან შეხვედრისას განაცხადა.
„ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი მეგობრების დახმარებას უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, სოციალურ-ეკონომიკური სფეროსა და სხვა სფეროების განვითარებაში, სახელმწიფოს გამტკიცებაში, როგორც ეს ორმხრივი შეთანხმებებითაა გათვალისწინებული. ჩვენთვის ერთადერთი გზა არის წინ - 2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება“, - განაცხადა ლავროვმა.
ლავროვი შეეხო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ დისკუსიების ჟენევიდან სხვა ქალაქში გადატანის თემასაც.
„ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ ჩვენს აფხაზ მეგობრებთან ერთად ამიერკავკასიაზე კონსულტაციების ფარგლებში, რომელიც ბოლო დრომდე ტარდებოდა ჟენევაში. ახლა შევხედავთ, სად არის უფრო მოსახერხებელი ამ ტიპის შეხვედრის ორგანიზება“, - თქვა მან.