ევროკავშირის ელჩის განცხადებები მიუღებელია, ბატონო ელჩო, საკუთარ თავს ზედმეტის უფლებას აძლევთ, რომ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაერიოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„ევროკავშირის ელჩის, ჰერჩინსკის განცხადებები მიუღებელია, მათ შორის თავისი არსითა და შინაარსით. ბატონო ელჩო, თქვენს თავს ძალიან ზედმეტის უფლებას აძლევთ, რომ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაერიოთ. საქართველოს მოსახლეობამ მკაფიოდ გითხრათ, რომ ჩვენ ლგბტ პროპაგანდას არ გავატარებთ, შესაბამისად, თქვენ ნახეთ მიტინგი, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა და თქვენ მაინც ჯიუტად გვაწვებით და ამბობთ, რომ თურმე, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა ადამიანის უფლებების შელახვაა. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა არ გეთანხმებათ, ელჩის განცხადება, რომ თურმე როგორი მშვიდობაა დღეს მოლდავეთსა და უკრაინაში. ეს განცხადება აქაც შეუსაბამოა. ბატონო ელჩო, უკრაინაში მშვიდობა არ არის – ან გატყუებენ, ან იტყუებით. იქ ტრაგედია ტრიალებს, რომელიც როდის დამთავრდება კაციშვილმა არ იცის. ისეთი მშვიდობა არ გვინდა, როგორიც უკრაინაშია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობის უკან ქართველი ერის უმრავლესობა დგას.
„კიდევ ერთხელ ვაცხადებთ და მოგიწოდებთ, შეეშვით შიდა არჩევნებში ჩარევას – ეს თქვენი მანდატი არ არის. თქვენი მანდატია, როდესაც შესაძლებლობა იქნება, ევროინტეგრაციაში საქართველო დაწინაურდეს და იქ ფეხი არ დაგვიდოთ, მხარი დაგვიჭირეთ. ჩვენს უკან ქართველი ერის უმრავლესობა დგას. თქვენი შეშფოთება და აღშფოთება მესმის, რომ თქვენი აგენტურა ბარიერს ვერ გადალახავს, მაგრამ ეს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის უფლებას არ გაძლევთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.