„ქართული ოცნება“ ცდილობს ამერიკის შეერთებული შტატების ორპარტიული მხარდაჭერა საკუთარ ინტერესებში გამოიყენოს, იმ მიზნით, რომ წარმოაჩინოს, თითქოს დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიები საქართველოსთან და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით განსხვავებულ პოზიციებს ინარჩუნებენ, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიის პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ქართულ სახელმწიფოს და ქართველი ერის მისწრაფებებს ეწინააღმდეგება.
„ქართული ოცნება“ ცდილობს, ამერიკის შეერთებული შტატების ორპარტიული პოზიცია მათ მიმართ რაიმე ფორმით შეცვალოს და პროპაგანდისტული მიზნებით გამოიყენოს ის, თითქოს დემოკრატიულ და რესპუბლიკურ პარტიებს საქართველოსთან და ივანიშვილთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ. თუმცა, ორივე პარტია – როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული – ნათლად და მკაფიოდ ამტკიცებენ, რომ დგანან ქართველი ხალხის გვერდით. მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი ქართულ სახელმწიფოს და ქართველი ერის მისწრაფებებს ეწინააღმდეგება, რომლებიც, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის 78- ე მუხლითაც არის დამტკიცებული“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.