საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნების მოხალისეების ინსტიტუტის შექმნისკენ მოუწოდებს. შესაბამისი განცხადება სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას გააკეთა.
„მიხარია, რომ ოპოზიციური ძალები იკრებენ ძალას, მაგრამ მე მაქვს შემდეგი მოწოდება – შევქმნათ არჩევნების მოხალისეების ინსტიტუტი. მინდა, ამ შემთხვევაში მოვუწოდო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რომელშიც არიან აბოლუტურად ბრწყინვალე ახალი ვარსკვლავები, როგორიც არის სოფო ჯაფარიძე, მაგალითად, ირაკლი ხვადაგიანი, ადამიანი, რომელმაც ფეხ და ფეხ მოიარა ყველა სოფელი და უყვებოდა იმპერიის უბედურებაზე, ბრწყინვალე პროფესორი ილიაუნის, გია ჯაფარიძე, ასევე ბრწყინვალე პროფესორი, არის ძალიან ბევრი, ძალიან კაშკაშა ვარსკვლავი, აღარ ვლაპარაკობ თიკაზე, რომლის მეშვეობითაც „ნაციონალური მოძრაობა“ გახდა პირველი ქართული ორგანიზაცია, რომელსაც ევროკავშირის გადაწყვეტილებებში კენჭისყრის უფლება აქვს, ევროპის ყველაზე დიდ პოლიტიკურ გაერთიანებაში. ჯერჯერობით, არცერთ ქართველს ამ მიზნისთვის არ მიუღწევია, ამას მიაღწია თიკა ბოკუჩავას ხელმძღვანელობით „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ძალიან ბევრი ახალი სახეა, ყველა ასაკის. ლელა ჯეჯელავა შეიძლება, არ არის პატარა ბავშვი, მაგრამ ენერგიით ახალი სახეა და განსაკუთრებული სახეა. ლევან სანიკიძე ძალიან განსაკუთრებული ახალგაზრდაა. ჩვენ გვჭირდება ახლა მოხალისეები, ძალიან ბევრი საარჩევნო მოხალისე. ხალხში არის დიდი ენერგია. მინდა, ადამიანებს ვთხოვო, ხელფასის გარეშე გადადონ ბოლო რამდენიმე კვირა, მოიარონ კარ და კარ თავიანთი მეზობლები, მოხდეს მობილიზაცია საარჩევნო ხმების, ასევე ვიყოთ მზად არჩევნების შედეგების დაცვისთვის“, – განაცხადა სააკაშვილმა.