ჩვენ საკმაოდ კარგად ვიცნობთ რუსეთს, ლავროვს, პუტინს, რომ მათი გაცემული დახმარების არ დავიჯეროთ, რადგან თუნდაც ამ დახმარების დაპირებაში ქართველების შეურაცხყოფა იყო, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას კითხვა დაუსვეს სერგეი ლავროვის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში“.
„ლავროვის განცხადება საქართველოს ხელისუფლების ფლირტზე რაღაცნაირი პასუხია. თუ ადრე, პირველ ჯერზე, ეს ფლირტი მთლად უპასუხოდ მიაგდეს, ამ შემთხვევაში, ოდნავ ყურადღების ღირსად ჩათვალეს და საპასუხო ფლირტით უპასუხეს. ეს „ქართული ოცნებისთვის“ წინასაარჩევნოდ რამდენად მომგებიანი იქნება, წარმოდგენა არ მაქვს, რადგან ყველასთვის ცხადია, რომ ეს დაპირებაც დაახლოებით ისეთია – გარეჯი რომ საქართველო იყო, რომ იბრუნებდნენ, ქრისტიანობას რომ სახელმწიფო რელიგიად აცხადებენ და ა.შ. მგონია, რომ ჩვენ საკმაოდ კარგად ვიცნობთ რუსეთს, ლავროვს, პუტინს და ა.შ. რომ მათი გაცემული დახმარების არ დავიჯეროთ, რადგან თუნდაც ამ დახმარების დაპირებაში ქართველების შეურაცხყოფა იყო. თუნდაც ის, რომ ისინი სამი სახელმწიფოს კეთილმეზობლურ ურთიერთობაში მზადყოფნას აცხადებენ. ვფიქრობ, ყველა მესიჯბოქსი, რასაც ისინი ჩვენს მიმართ საუბრობენ, შეურაცხმყოფელია საქართველოს მოსახლეობისთვის და არ შეიძლება, ის იყოს ნორმალურ საზოგადოებაში ელექტორალურად მომგებიანი“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.