რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში, თუკი თავად საქართველო და მისი "მეზობელი ქვეყნები" დაინტერესდებიან ამით, მათ შორის, ეს ეხება თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებას.
„საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება უბრალოდ გულწრფელად აფასებს წარსულს. მათ ასეც თქვეს, რომ „ჩვენ გვინდა ისტორიული შერიგება“.
და რა ფორმით, შეიძლება მოხდეს ეს შერიგება, თავად ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ: აფხაზეთმაც და სამხრეთ ოსეთმაც. ისინი საქართველოს მეზობლები არიან და გარკვეული კონტაქტები იქ მაინც გარდაუვალია. თუ ყველა მხარეს ექნება ინტერესი ამ ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, თავდაუსხმელობის შეთანხმებების უზრუნველსაყოფად... ჩვენ მზად ვიქნებით დავეხმაროთ, თუ მხარეები დაინტერესდებიან“, - განაცხადა ლავროვმა.
რუსული სამთავრობო მედია „რია ნოვოსტი“ აღნიშნავს, რომ მანამდე, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ომის წამქეზებელნი დაისჯებიან“ და საქართველო მონახავს ძალას, ბოდიში მოუხადოს ოსებს.