რიჩარდ ჰოლბრუკი საქართველოს მხარში ბოლომდე დაუდგა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბი-ბი-სისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"მაშინ, როცა საქართველოს დედაქალაქი ალყაში იყო, რუსული ჯარი გვიახლოვდებოდა და ყველა პროგნოზი ძალიან მუქ ფერებში კეთდებოდა, მან მოახერხა და ერთ-ერთი ბოლო რეისით საქართველოში ჩამოფრინდა და მხარში ბოლომდე გვედგა", _ განაცხადა სააკაშვილმა რიჩარდ ჰოლბრუკზე საუბრისას.
პრეზიდენტის თქმით, ქართველ ხალხს რიჩარდ ჰოლბრუკი ახსოვს, რადგან ის საოცრად მომხიბვლელი პიროვნება და ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოაზროვნე იყო.
"ჩვენთან ყოფნისას ჰოლბრუკი დაუღალავად აძლევდა ინტერიუებს მედიის წარმომადგენლებს ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროდან. არსებითად ის მსოფლოს სიმართლეს ეუბნებოდა. ეუბნებოდა იმას, რაც ხდებოდა და საკუთარი თვალით ხედავდა. უფრო მეტიც, 2006 წელს მან ეს ომი იწინასწარმეტყველა. მახსოვს, როცა ამბობდნენ, რომ ეს დიდი მოთამაშეების თამაშია და საქართველოს გამო, რომელიც პატარა ქვეყანაა, თავი არ უნდა შევიწუხოთ", _ აღნიშნა სააკაშვილმა.