ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, გაიხსნას საზღვარგარეთ უბნები ყველა იმ ქალაქში, სადაც მოქალაქეებმა მოითხოვეს უბნების გახსნა, რადგან ყველგან აკმაყოფილებენ საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნას, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება მათი კონსტიტუციური უფლების შელახვა,- ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.
თამარ კორძაიას განცხადებით - “დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისია იღებს გადაწყვეტილებას საზღვარგარეთ უბნების შექმნასთან დაკავშირებით და კონკრეტულად ვის ექნება არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ გაიხსნას უბნები ყველა იმ ქალაქში, სადაც მოქალაქეებმა მოითხოვეს უბნების გახსნა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩვენი ემიგრანტები საქართველოდან არ წავიდნენ კარგი ცხოვრების საძებნელად, არამედ იმიტომ, რომ აქ არიან სიღატაკესა და იზოლაციაში. ისინი იქიდან არჩენენ საქართველოს მოქალაქეებს, საკუთარ ოჯახის წევრებს და ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს მოქალაქეების, ჩვენი ემიგრანტების საარჩევნო უფლება კონსტიტუციით დაცული უფლება უნდა უზრუნველყოს. დღევანდელი მდგომარეობით და ბოლო მონაცემებით 66 997 ადამიანი არის აღრიცხვაზე საზღვარგარეთ, მაგრამ ძალიან კარგად ვიცით, რომ მარტო 2023 წელს 163 000-ზე მეტი ქართველი წავიდა ემიგრაციაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ ყველგან, სადაც მოითხოვეს საქართველოს მოქალაქეებმა, ჩვენმა ემიგრანტებმა უბნების გახსნა, გახსნან უბნები, რადგან ყველგან აკმაყოფილებენ საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნას. ასეთი ქალაქებია მაგალითად ბოსტონი, ლოძი, ტორონტო, ანტვერპენი, მაიამი, ლეჩე, შტუტგარტი, ვალენსია, ჰამბურგი, ნეაპოლი, ყველგან დაწერილია კანონის დაცვით განცხადებები და მოვითხოვთ, რომ დღევანდელ სხდომაზე დამატებით განიხილონ ეს საკითხი და მოვითხოვეთ, რომ ჩვენს ემიგრანტებს უზრუნველყოფილი ჰქონდეთ საარჩევნო ხმის უფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება მათი კონსტიტუციური უფლების შელახვა.“- განაცხადა თამარ კორძაიამ.