კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლა ჰქონდა განზრახული. ამის შესახებ საქმის პროკურორმა, გრიგოლ ნიშნიანიძე ტაქსის მძღოლის ჩვენების საფუძველზე ჟურნალისტებს განუცხადა.
ნიშნიანიძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის ჩადენილი.
„უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ სოციალურ ქსელში კესარია აბრამიძის მიერ ბრალდებულისა და მისი ფოტო-სურათების გავრცელება იყო ბრალდებულის თანხმობის საფუძველზე იმის სანაცვლოდ, რათა ბრალდებული შეხვედროდა კესარია აბრამიძეს და სისრულეში მოეყვანა ის განზრახვა, რაც მას განზრახული ჰქონდა მაშინ, როდესაც შეიძინა დანა თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე. ბრალდებულს წინასწარ განზრახული ჰქონდა მისი მოკვლა, რაც მოიყვანა კიდეც სისრულეში.
განზრახვას ადასტურებს თუნდაც ეს ერთი ფაქტობრივი გარემოება, რაზეც მიგანიშნეთ, განზრახვას ადასტურებს ასევე ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენება, რომელიც გამოკითხვის ოქმშია და მის მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების აუდიო-ვიდეო ამსახველი ჩანაწერი, სადაც ის აღიარებს და ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სურდა, სიცოცხლე მოესპო მისთვის...
მკვლელობა ჩადენილი არის არა მარტო განსაკუთრებული სისასტიკით, არამედ გენდერის ნიშნით, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც ნიშნავს იმას და რაც დადასტურებული არის იმით, რომ მოწმეები განმარტავდნენ, რომ პირველ რიგში ბექა ჯაიანმა იცოდა, რომ აბრამიძე იყო ტრანსგენდერი ქალი, ამავდროულად, მას არ აძლევდა პირადი ცხოვრებით სარგებლობის უფლებას, არ აძლევდა სხვა პირებთან ურთიერთობის უფლებას, რის გამოც გამოიკვეთა როგორც გენდერის ნიშანი, ასევე გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი. თავად მალავდა ამ ურთიერთობას, მისი სურვილი და მოთხოვნაც იყო, რომ ეს ინფორმაცია არ გასაჯაროებულიყო.
ტაქსის მძღოლის ჩვენების მიხედვით, ბრალდებული ეკითხებოდა მას, რამდენად იყო შესაძლებელი საქართველოს ტერიტორიის დატოვება, თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არ არის დაკავშირებული საჰაერო საზღვრის კვეთასთან. ის მიდიოდა სენაკში, საიდანაც არის წარმოშობით და შემდგომ, ტაქსის მძღოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სურდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლა", - განაცხადა პროკურორმა.