ბექა ჯაიანს, რომელსაც ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, დაცვის მხარემ კი საპასუხო შუამდგომლობა არ დააყენა. ბრალდებულმა დუმილის უფლება გამოიყენა.
შემდეგი სასამართლო სხდომა 7 ნოემბერს ჩატარდება.
მოდელი და მსახიობი, ტრანსგენდერი ქალი, 18 სექტემბერს, თბილისში, საკუთარ სახლში მოკლეს. კესარია აბრამიძის მკვლელობის ბრალდებით, მისი მეგობარი კაცი ბექა ჯაიანი დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ჯაიანმა აბრამიძეს სხეულზე დანით 28 ჭრილობა მიაყენა.
პროკურატურის ცნობით, დაკავებულს ბრალდება 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.