ის სურათი, რომ გაზრდილია სოციალური დახმარების მიღებაზე მოთხოვნა, ასახავს იმ სამწუხარო რეალობას, რაშიც ივანიშვილმა ქვეყანა ჩააგდო და ამას აქვს ერთადერთი გამოსავალი - 26 ოქტომბერს ხელისუფლების შეცვლა, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, 14 მილიარდიანი დახმარების მიღება, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულებების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
ზურაბ ჭიაბერაშვილი გამოეხმაურა ახალ სტატისტიკას, რომლის თანახმად, მესტიაში მოსახლეობის 81%-ი სოციალურად დაუცველია.
„სამწუხაროდ, ივანიშვილის საქართველოში მიდის მასობრივი გაღარიბება და ხალხი გარბის ქვეყნიდან. ჩვენ დემოგრაფიული კატასტროფა გვაქვს და სხვათა შორის, ამ გაღარიბების გამო შობადობაც უმძიმესია, ამიტომ ეს სურათი, რომ გაზრდილია სოციალური დახმარების მიღებაზე მოთხოვნა, ასახავს იმ სამწუხარო რეალობას, რაშიც ივანიშვილმა ქვეყანა ჩააგდო და ამას აქვს ერთადერთი გამოსავალი - ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, 14 მილიარდიანი დახმარების მიღება საქართველოსთვის და არა კორუმპირებული ხალხის ინტერესებით მოქმედი მთავრობის მიერ ამ ფულის ყველა ადამიანამდე, ყველა ოჯახამდე მიტანა. ქართულ ოჯახს სტუმრის მიღების არ უნდა ეშინოდეს. სიღარიბე ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავძლიოთ და ეს შესაძლებელია იმით, რომ საქართველოს იაროს ევროპის მიმართულებით და აქ ევროპული კეთილდღეობა იყოს.
საქართველოში ეკონომიკა არ მუშაობს ხალხისთვის, ეკონომიკა მთლიანად ემსახურება ივანიშვილს და ამ კორუმპირებულ მაფიოზურ კლანს, მათ ჯიბეში მიდის ფული, ხალხი ღარიბდება, ეს არის დიაგნოზი და აქედან გამოსავალი არის ქართველი ხალხის გამარჯვება 26 ოქტომბერს და დაბრუნება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.