საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ამნისტიის კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღეს.
ამნისტიის ამოქმედების შემდეგ დაახლოებით 1000 ადამიანი დაუყოვნებლივ გათავისუფლდება, ხოლო დაახლოებით 4 800 ადამიანს სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდება და ისინიც ეტაპობრივად დატოვებენ პენიტენციურ დაწესებულებებს.
პროექტით გათვალისწინებულია ამნისტიის შემდეგი ფორმები: დაუყოვნებლივ გათავისუფლება; სასჯელის 1/2-ით, 1/4 -ით და 1/6-ით შემცირება და ასევე, პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება.
კანონპროექტი არ შეეხება მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.
ქართულმა ოცნებამ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი 11 ივლისს დააინიცირა, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის თქმით, "ჰუმანიზმის პრინციპებსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის სამართლიან ბალანსს ეფუძნება".