ბათუმში უფრო მეტი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა და უფრო მეტი მშენებლობა მიმდინარეობს ვიდრე მოსკოვში.
განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტში "ამერიკან ინტერპრაიზში" სიტყვით გამოსვლისას.
"ჩვენ გვაქვს პატარა ქალაქი ბათუმი - შავი ზღვის სანაპიროს არაოკუპირებულ ნაწილში სადაც ამჟამად უფრო მეტი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა და უფრო მეტი მშენებლობა მიმდინარეობს ვიდრე მოსკოვში. საქართველოში კერძო ბიზნესის წყალობით შენდება ცათამბჯენები", _ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნავს, რომ საქართველოს აქვს კიდევ ძალიან ბევრი რამ რითაც შეუძლია იამაყოს.
"თუმცა რასაკვირველია ჯერ მიზნისათვის არ მიგვიღწევია და კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი", _ განაცხადა სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ და სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტს "ამერიკან ინტერპრაიზში" გამართულ კონფერენციას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა.
დღეს საქართველოს პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი დიპლომატის რიჩარდ ჰოლბრუკის მემორიალურ ცერემონიას დაესწრება, რომელიც თბილისის დროით ღამის პირველ საათზე დაიწყება. ამ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და სხვა ქვეყნის ლიდერები.