თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებულ ექვს პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს დაუსწრებლად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებული ექვს პირის მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წინასასამართლო სხდომა 31 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიმართება.
საქართველოს პროკურატურამ შპს „მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლცენტრის საქმის გახსნის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. უწყების ცნობით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის, სლოვენიისა და სლოვაკეთის მოქალაქეების კუთვნილ, დაახლოებით 3 170 000 ევროს. ამასთან, პროკურატურაში აცხადებენ, რომ ქოლცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში, ჯამში, მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დისშვილის საბანკო ანგარიშებზე.