ენათმეცნიერების ინსტიტუტი ემიჯნება ენათმეცნიერ მარინა ბერიძის მოსაზრებებს "აგენტების კანონში" გამოყენებულ ტერმინებთან დაკავშირებით, რომელიც მან საკონსტიტუციო სასამართლოში გააჟღერა. ამის შესახებ ინსტიტუტის დირექტორმა, ნანა მაჭავარიანმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.
"მისი პოზიცია არ ემთხვევა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის პოზიციას, ინსტიტუტს ასეთი კვლევა, რასაც იგი თვითონ კვლევას ეძახის, არ დაუვალებია მისთვის და მოკლედ რომ გითხრათ, ეს არ არის ინსტიტუციური კვლევა. რა საკითხებსაც ის შეეხო, კარგი იქნებოდა, უფრო გასაგები ენით რომ ესაუბრა საზოგადოებასთან, იმიტომ რომ, როგორც მერე გამოჩნდა, ძალიან ბევრმა ვერ გაიგო რის თქმა უნდოდა და რაზე აკეთებდა აქცენტებს", - თქვა მაჭავარიანმა.
ნანა მაჭავარიანის თქმით, იმ საკითხებზე სასაუბროდ, რაზედაც საკონსტიტუციო სასამართლოში იყო მიწვეული, მარინა ბერიძე შეუფერებელი კანდიდატი იყო. ამასთან, მაჭავარიანის მტკიცებით, საკითხები, რაზეც მარინა ბერიძე საუბრობდა, "უფრო ფსიქოლოგიურია, ვიდრე ენათმეცნიერული, ვინაიდან ის, თუ როგორ აღიქვამს გარკვეულ შესიტყვებას ადამიანი, არის მისი განწყობის საქმე".
"ზოგადად, ის საკითხები, რისთვისაც ცდილობდა, რომ თავი გაერთმია, ვფიქრობ, რომ არის უფრო ფსიქოლოგიური საკითხები და არა ენათმეცნიერული, იმიტომ, რომ გარკვეული შესიტყვება როგორ აღიქვას ადამიანმა, არის მისი განწყობის საქმე. ის საკითხები, რაზეც საერთოდ ეს ქალბატონი საუბრობდა, ენათმეცნიერების სფეროს სცილდებოდა. მგონი, არასწორად იყო შერჩეული, პროფესიაც და პიროვნებაც“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, მარინა ბერიძემ განაცხადა, რომ კანონში გამოყენებული საკვანძო ცნებები და ტერმინები, ცალსახად ნეგატიური კონოტაციისაა.