ჩვენს საარჩევნო კამპანიაში საუბარი არ არის, რომ ქვეყანაში ოპოზიცია უნდა გაქრეს, საუბარია იმაზე, რომ ოპოზიციას ქვეყანა უნდა უყვარდეს, ის ოპოზიცია არ უნდა იყოს, რომელიც მუდმივად გარე დაკვეთას ასრულებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია აუცილებელი მოცემულობაა და არ შეიძლება, თავისუფალ სამყაროში ოპოზიცია არ იყოს.
„ყველას კარგად გვახსოვს, ოპოზიცია რას მოგვიწოდებდა, საქართველოს რას აბრალებდნენ – სააკაშვილი ვაშიმშილეთ და პუტინის დავალებით მოვწამლეთ, ეს არის ეროვნული ოპოზიცია? ეს იყო სრული ფეიკი, მაგრამ სადაც კი შეიძლებოდა, საქართველოს ბოლომდე აზიანებდნენ. უკრაინის ომის შემდეგ რა მოწოდებები იყო? საქართველომ აგრესია დაგმო, უკრაინის სუვერენიტეტს მხარი დაუჭირა, ლტოლვილები მივიღეთ, ჰუმანიტარული დახმარება გავეცით და კონფრონტაციისკენ მოგვიწოდებდნენ. ეს არის საქართველოზე ზრუნვა? ოპოზიციის ლიდერები დღეს ამბობენ, რომ თურმე მშვიდობა მნიშვნელოვანია და რუსეთთან ვაჭრობაც. მიხვდნენ, რომ საქართველოს ომში ჩართვის იდეოლოგიით შორს ვერ წავლენ. ოპოზიცია აუცილებელი მოცემულობაა. არ შეიძლება, თავისუფალ სამყაროში ოპოზიცია არ იყოს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.