შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მარტში დაამტკიცა უკიდურესად გასაიდუმლოებული ბირთვული სტრატეგიის გეგმა, რომელმაც პირველად მოახდინა ვაშინგტონის შეკავების ფოკუსირება ჩინეთზე, რათა შეაფერხოს პეკინის ბირთვული არსენალის გაფართოება. იტყობინება The New York Times-ი.
თეთრ სახლს ოფიციალურად არასდროს განუცხადებია, რომ ბაიდენმა დაამტკიცა განახლებული სტრატეგია, რომელიც ცნობილია, როგორც "ბირთვული იარაღის გამოყენების გზამკვლევი".
გამოცემის ინფორმაციით, რამდენიმე დაბეჭდილი ეგზემპლარი გაეგზავნა ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოების რამდენიმე თანამშრომელს და პენტაგონის ხელმძღვანელობას. კონგრესს კი გადაეგზავნება მანამდე, სანამ ბაიდენი თანამდებობას დატოვებს.
სტრატეგია დაახლოებით 4 წელიწადში ერთხელ ახლდება.
დოკუმენტში მიმოხილულია შეერთებული შტატების მზაობა, უპასუხოს ბირთვულ კრიზისებს - თუ ისინი ერთდროულად ან თანმიმდევრულად მოხდება - ბირთვული და არაბირთვული იარაღის კომბინაციით.
"წარსულში, იმის ალბათობა, რომ მოსკოვი, პეკინი და ფხენიანი შეძლებდნენ ბირთვული საფრთხეების კოორდინაციას აშშ-ს ბირთვულ არსენალზე უპირატესობის მისაღწევად, ნაკლებად სავარაუდო ჩანდა. თუმცა, რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნებისა და თეირანისა და ფხენიანის მიერ მოსკოვისთვის სამხედრო შეიარაღების მიწოდების ფონზე, შეფასებები გადაიხედა", - წერს გამოცემა.
"ჩვენ საქმე გვაქვს რუსეთთან, რომელიც რადიკალიზებულია და მტკიცება, რომ ატომური იარაღი არ უნდა იქნეს გამოყენებული კონვენციური კონფლიქტის დროს, აღარ არის დამაჯერებელი", - ამბობს დიპლომატი რიჩარდ ჰარისი.
გამოცემის ცნობით, ჩინეთის ბირთვული კომპლექსი ამჟამად ყველაზე სწრაფად მზარდია მსოფლიოში. პენტაგონის შეფასებით, ჩინეთის ბირთვული არსენალი 2030 წლისთვის 1000 ქობინამდე გაიზრდება, ხოლო 2035 წლისთვის 1500 ქობინამდე.
The New York Times-ის ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა ბაიდენის ადმინისტრაციამ. თეთრმა სახლმა უარყო, რომ ბირთვული შეკავების სტრატეგიის განახლება კონკრეტული ქვეყნის ქმედებების ან კონკრეტულ საფრთხეებზე საპასუხოდ განხორციელდა.