მთელი 12 წელი ჰქონდა "ქართულ ოცნებას", რომ გაესამართლებინა ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ 12 წლის მანძილზე გასამართლება კი არა, ერთად მღეროდნენ "ჟუჟუნა წვიმა"-ს, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ირმა ინაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ ეხმიანება განცხადებას, რომელშიც მართველი პარტია წერს: "საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, ჩვენ დავაინიცირებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება".
ირმა ინაშვილი ამბობს, რომ ვისაც დღეს „ქართული ოცნების“ ტყულის სჯერა, თავს იტყუებს.
„მთელი 12 წელი ჰქონდა "ქართულ ოცნებას", რომ გაესამართლებინა ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ 12 წლის მანძილზე გასამართლება კი არა, ერთად მღეროდნენ "ჟუჟუნა წვიმა"-ს, მთავარ ოპოზიციურ ძალად აცხადებდნენ და მიზანმიმართულად უქმნიდნენ გაძლიერების პირობებს!
ახლა, 2024 წლის არჩევნების წინ გვესმის, რომ თურმე, "ქართულმა ოცნებამ" უნდა მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა და მაშინ არაკონსტიტუციურად გამოაცხადებს ნაცმოძრაობასა და მის განშტოებებს ანუ ნაცმოძრაობა და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ჯგუფები ჯერ პარლამენტში შევლენ, საპარლამენტო პარტიებისა და დეპუტატების სტატუსს შეიძენენ და მერე გაასამართლებენ (?!). ადრე დასავლეთი გვაწვებოდა,- ნაცმოძრაობა არ გაასამართლოთო და ახლა აღარ ვემორჩილებით დასავლეთის აზრსო. ვისაც ამ დიდი ტყუილის გჯერათ ან რიგი მიზეზების გამო, თავს იტყუებთ და აღტაცებულ პოსტებს აზიარებთ, რა გითხრათ... ყოჩაღ, თქვენ!“ - წერს ინაშვილი.