უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ როგორც მოსალოდნელი იყო, უკრაინის ძალების პოზიციები კურსკის რეგიონში უფრო ძლიერდება.
„დღეს გენერალმა სირკიმ ანგარიში წარმიდგინა კურსკის ოლქში ჩვენი მოძრაობის გაგრძელების შესახებ. ოპერაცია გრძელდება სწორედ ისე, როგორც ჩვენ გვქონდა გათვლილი. უკრაინელების სიმამაცე დიდ საქმეებს აკეთებს“, – განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.
მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკში თავიანთ პოზიციებს აძლიერებენ.
„ჩვენი ძალების დასაყრდენი სულ უფრო ძლიერდება. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მეომარს, რომელიც ამას უზრუნველყოფს: ყველა სამხედროს, სერჟანტს და მეთაურს, ვინც ამას უზრუნველყოფს. მე ასევე მადლობას ვუხდი თითოეულ დანაყოფს, რომელიც ჩვენს გავცლით ფონდს ახალი რუსი სამხედრო ტყვეებით ავსებს. ეს მნიშვნელოვანია. ეს აჩქარებს რუსეთის ტყვეობიდან სამხედრო და სამოქალაქო პირების განთავისუფლებას. ჩვენ გვახსოვს ყველა, ვინც სახლში უნდა დავაბრუნოთ". - თქვა ზელენსკიმ.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები კურსის რეგიონში წინსვლას სუჯას სამხრეთ-აღმოსავლეთით განაგრძობენ. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქში სამხედრო ოპერაცია 6 აგვისტოს დაიწყეს. უკრაინელი სამხედროები რეგიონში ათობით დასახლებულ პუნქტს, მათ შორის ქალაქ სუჯას აკონტროლებენ.