უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში მდინარე სეიმზე ხიდი გაანადგურეს. ეს არის რეგიონში დასავლური რაკეტების გამოყენების პირველი შემთხვევა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
მისი თქმით, ეს, სავარაუდოდ, ამერიკული კომპლექს HIMARS -ის რაკეტები იყო.
საუბარია კურსკის ოლქის გლუშკოვის რაიონში ხიდზე თავდასხმაზე, რომლის განადგურების შესახებ მანამდე ოლქის გუბერნატორმა ალექსეი სმირნოვმა განაცხადა.
„გლუშკოვის რაიონში მდინარე სეიმზე ხიდზე თავდასხმის შედეგად იგი მთლიანად განადგურდა, დაიღუპნენმოხალისეები, რომლებიც ევაკუირებაში დახმარებას უწევდნენ მშვიდობიან მოსახლეობას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველა ვინც პასუხისმგებელია ამ არაადამიანურ ქმედებებზე, მკაცრად დაისჯება“, - განაცხადა ზახაროვამ.
შეგახსენებთ, ხიდის აფეთქების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. როგორც გამოცემა „ვაჟნიე ისტორიი“ აღნიშნავს, ხიდი რეგიონში რუსული არმიისთვის იარაღისა და საკვების მიწოდების მთავარი წყარო იყო. უკრაინულ მხარეს აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.