რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შეტევის დროს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქის გლუშკოვოს რაიონში მდინარე სეიმზე მდებარე ხიდი გაანადგურეს.
ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა ალექსეი სმირნოვმა ტელეგრამარხზე დაწერა.
„უკრაინის მხრიდან თავდასხმის შედეგად გლუშკოვოს რაიონში მდინარე სეიმზე საავტომობილო ხიდი განადგურდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ტელეგრამარხების Baza-სადა Mash-ის ცნობით, ხიდს ამერიკული HIMARS-ის დანადგარებიდან გაშვებული რაკეტები მოხვდა.
სმირნოვის მრჩეველისა და პროკრემლისტური ბლოგერის რომან ალიოხინის თქმით, უკრაინელი სამხედროები ასევე ახორციელებენ დარტყმებს იმავე მდინარის მეორე ხიდზე - სოფელ ზვანნოეში, რომელიც მდებარეობს რეგიონალური ცენტრიდან რვა კილომეტრში.
როგორც გამოცემა „ვაჟნიე ისტორიი“ აღნიშნავს, ხიდი რეგიონში რუსული არმიისთვის იარაღისა და საკვების მიწოდების მთავარი წყარო იყო. უკრაინულ მხარეს აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.