ევროსაბჭოს დოკუმენტი, ასევე ტალიავინის დასკვნა უტყუარად ადასტურებს ღალატს, რომელიც ჩაიდინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, თუმცა ამის მიღმა მნიშვნელოვანია სხვა მტკიცებულებების გამოკვლევაც, რათა ცხადად აღსრულდეს სამართალი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძეს კითხვა დაუსვეს, რა კომენტარს გააკეთებდა ოპონენტების განცხადებებზე, რომ, რეალურად, ისინი აგვისტოს ომის დანაშაულზე გასამართლებას არ ელოდებიან და მმართველი პარტიის მხრიდან ეს მხოლოდ წინასაარჩევნო გზავნილია.
„რეალურად, უახლოეს დღეებში კიდევ უფრო ცხადი გახდება, რომ ჩვენ გვაქვს მკაფიო გეგმები ამასთან დაკავშირებით. ეს არ არის მხოლოდ ზოგადი განცხადება, რეალურად, ამ პოლიტიკური ძალის გასამართლება არის უმნიშვნელოვანესი, პრინციპულად მნიშვნელოვანი, რათა ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს ქვეყანამ, ქვეყანა არ იყოს მუდმივად ერთგვარ რევოლუციის მცდელობის რეჟიმში და ასე შემდეგ. ამიტომ ეს არის ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად აღსრულდება არჩევნების შემდეგ.
რაც შეეხება თვითონ დოკუმენტების როლს ამ გამოძიების პროცესში, რა თქმა უნდა, როგორც ერთი, ისე მეორე დოკუმენტი არის უშუალო მტკიცებულება. ერთ შემთხვევაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირდაპირ ხელი მოაწერა, მხარი დაუჭირა ევროსაბჭოს რეზოლუციას და ამით აღიარეს ომის დაწყება. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი დოკუმენტური მტკიცებულება მათ მიერ ჩადენილ ღალატთან დაკავშირებით. რაც შეეხება ტალიავინის დასკვნას, იქ, როგორც ასეთი, ხელმოწერა ასეთ პროცედურას არ ითვალისწინებდა, მაგრამ ისინი დაეთანხმნენ იმ მტკიცებულებებს და დასკვნებს, რომლებიც იყო წარმოდგენილი ტალიავინის დოკუმენტში. აქედან გამომდინარე, ერთიც და მეორეც – როგორც ევროსაბჭოს დოკუმენტი, ასევე ტალიავინის დასკვნა, არის პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად ადასტურებს ღალატს, რომელიც თავის დროზე ჩაიდინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, სააკაშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა. ამის მიღმა მნიშვნელოვანია სხვა მტკიცებულებების გამოკვლევაც, რათა ცხადად აღსრულდეს სამართალი იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებმაც ამხელა ზიანი მიაყენეს ჩვენს ქვეყანას 2008 წელს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.