ეჭვი მეპარება, რომ სააკაშვილმა ტყუილი თქვა, ამ შემთხვევაში, ეჭვი მაქვს, რომ ასე უთხრეს. ვინც მის ინფორმირებას ახდენს, ის ხალხი, ვინც კონგრესმენსა და სენატორთან შეხვედრაზე „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდა, სავარაუდოდ, ვერ ეტყოდა მიხეილ სააკაშვილს, რომ მისი საკითხი არ იყო აქტუალური იმ მომენტში, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
„ნათლად ჩანს, რომ ლიდერსა და დანარჩენ პარტიას შორის დარღვეულია კომუნიკაცია, რაც ცუდად აისახება „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებებზე. თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ საქმეა საბოლოოდ ეს ყველაფერი. იერარქიულ სისტემებში რიგით თანამშრომელს ძალიან უჭირს, თავის ხელმძღვანელს სიმართლე უთხრას. დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილსაც ატყუებენ „ქართული ოცნების“ რიგითი წარმომადგენლები, იგივე ხდება „ნაციონალურ მოძრაობაშიც“. ეჭვი მეპარება, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბევრი ისეთი ადამიანი იყოს, ვისაც შეუძლია, მიხეილ სააკაშვილს უთხრას, ცდებითო. ამიტომ, ვიღაცას, შეიძლება, გამბედაობა არ ეყო, რომ ეთქვა, არ იყო შესაძლებლობა, თქვენს საკითხზე გველაპარაკაო“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სენატორ ჯინ შაჰინისა და ამერიკის წარმომადგენლობათა პალატის, სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარის მაიკ ტერნერის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა: „მიხარია, რომ სენატორი შაჰინი ხშირად საუბრობს ჩემზე, ხოლო მაიკ ტერნერმა ცოტა ხნის წინ ჩემი გათავისუფლების მოთხოვნის წერილი გაუგზავნა ოფიციალურად სახელმწიფო დეპარტამენტს. მადლობელი ვარ იმისთვისაც, რომ, ჩემი ინფორმაციით, სხვადასხვა შეხვედრაზე ამჯერადაც ჩემი უკანონო და უსამართლო პოლიტპატიმრობის საკითხი არაერთხელ წამოიჭრა“.
მოგვიანებით განცხადება გაავრცელა საქართველოში აშშ-ის საელჩომ, რომელშიც აღნიშნულია: „ჯინ შაჰინისა და მაიკ ტერნერის ვიზიტისას სააკაშვილის საკითხი არ განხილულა. განხილვის საკითხი იყო, რომ აშშ-ს სურს კარგი ურთიერთობა საქართველოსთან და პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას“.