რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელმა დავით ცეცხლაძემ კურსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევით ოპერაციაში მონაწილე ქართველ მებრძოლებს მოუწოდა „დაყარონ იარაღი და დაბრუნდნენ ოჯახებში“.
„ასიათასობით ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და ახორციელებს თავის საქმიანობას ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში. ქართველები რუსეთში, ყველა ხალხთან ერთად, მშვიდობიანად და მეგობრულად ქმნიან უკეთეს მომავალს თავიანთი შვილებისთვის.
კურსკის ოლქში ქართველი ეროვნების დაქირავებულთა გამოჩენა თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგაა მიმართული. მოვუწოდებ უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში მყოფ ყველა ქართველს, დაყაროთ იარაღი და დაუბრუნდეთ ოჯახებს!
ეს არ არის თქვენი ომი და თქვენ არ ხართ საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლები, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში საქართველოს დროშას აფრიალებენ. მე პირადად ჩამოვალ კურსკში და დავდგები იმ ტყვიების წინ, რომელსაც თქვენ ისვრით რუსების წინააღმდეგ“, - განაცხადა ცეცხლაძემ.
ტელეგრამარხის „რუსეთის ქართული დიასპორის“ ცნობით, ცეცხლაძე ახლა ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში იმყოფება, რის შემდეგაც კურსკის ოლქში წასვლას გეგმავს.
ქართული დიასპორის ლიდერი აქტიურად თანამშრომლობს რუსეთის ხელისუფლებასთან და მხარს უჭერს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომს.