ამერიკელ სენატორსა და კონგრესმენთან შეხვედრა გვქონდა თავდაცვის სამინისტროში, საუბარი იყო თავდაცვის სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე, იმ გამოცდილებაზე, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა, ასევე იმ შედეგებზე, რომლებიც ამ თანამშრომლობას გააჩნია, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ამერიკელ სენატორთან, ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, შეხვედრის ერთ-ერთ თემა იყო მიმდინარე პროექტები.
„მე ხაზი გავუსვი, რომ ეს თანამშრომლობა არის სასარგებლო არა მხოლოდ ქართველი მხარისთვის, არამედ ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც. მეორე მხრივ, ვისაუბრეთ მიმდინარე პროექტებზე, რომლებიც ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება. ამასთან, შეხვედრისას გამოვხატე გულისტკივილი, გაკვირვება იმასთან დაკავშირებით, რომ „ღირსეული პარტნიორი 2024“ გადაიდო, თუმცა ვაგრძელებთ მზადებას, რომ 2025 წელს ჩავატაროთ საერთაშორისო წვრთნები. რაც შეეხება იყო თუ არა საუბრები გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, ამასთან დაკავშირებით ჩვენ საუბარი არ გვქონია“, – განაცხადა მინისტრმა.