საქართველოში ვიზიტით მყოფი სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი ქართველ სტუდენტებსა და ახალგაზრდა ლიდერებს შეხვდნენ. აშშ-ის საელჩოს ცნობით, შეხვედრა აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ გორის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა.
“აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ გორის ახალგაზრდულ ცენტრში სენატორ შაჰინსა და კონგრესმენ ტერნერს შთამაგონებელი შეხვედრა ჰქონდათ ქართველ სტუდენტებთან და ახალგაზრდა ლიდერებთან. 100-ზე მეტი ქართველი ახალგაზრდა, მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირები, ჩართულია ცენტრში მიმდინარე ღონისძიებებში ახალი უნარების განვითარების, კავშირებისა და სამუშაო შესაძლებლობების მოსაძიებლად.
მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა ზოგიერთი დახმარება, რომლითაც საქართველოს მთავრობა სარგებლობს, ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების სრულ მხარდაჭერას”, - ნათქვამია ინორმაციაში.