თბილისში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს დირექტორის, ეკა გიგაურის თქმით, საუბარი შეეხებოდა წინასაარჩევნო პერიოდ. მისივე თქმით, ამწერიკული დელეგაციის წევერბი აქ არიან იმისთვის, რომ მხარს უჭერენ ქართველ ხალხს და არავითარ შემთხვევაში არ მიატოვებენ.
"საუბარ შეეხებოდა წინასაარჩევნო პერიოდს, იმას, თუ რა ხდება წინასაარჩევნო პერიოდში, რა მოლოდინები გვაქვს ჩვენ არჩევნების დღესთან დაკავშირებით, რა გვაქვს დაგეგმილი სადამკვირვებლო მისიებთან დაკავშირებით და როგორ იმოქმედებს რუსული კანონი საქართველოს სამოქალაქო სექტორზე. რაზეც ისაუბრეს მათ იყო ის, რომ ისინი არიან აქ, რადგან მხარს უჭერენ ქართველ ხალხს და არავითარ შემთხვევაში ქართველ ხალხს არ მიატოვებენ მათ ბრძოლაში - საქართველო გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი და გახდეს დემოკრატიული ქვეყანა." - განაცხადა ეკა გიგაურმა.
ISFED-ის დირექტორის, ნინო დოლიძის თქმით, აშშ-ის ორივე პარტია მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და ქართველი ხალხის ნებას, რომ საქართველო იყოს დემოკრატიული სახელმწიფო.
"ეს არის ორპარტიული მხარდაჭერა და ამას გაესვა ხაზი, აშშ-ის ორივე პარტია მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და ქართველი ხალხის ნებას, რომ საქართველო იყოს დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფო. ვისაუბრეთ არჩევნებზე, მათი მხრიდან არის მაღალი ინტერესი, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული. ასევე ერთ-ერთი საკითხი იყო რუსული კანონი და მისი ძალაში შესვლა და ამ კანონის გავლენა საარჩევნო პროცესებზე, იმიტომ რომ მათი მხრიდანაც ხაზი გაესვა, რომ არჩევნებისთვის მნიშვნელოვანია სადამკვირვებლო მისიების ოპერირება." - აღნიშნა ნინო დოლიძემ.
სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 9 აგვისტოს ჩამოვიდნენ. იმავე დღეს, შაჰინი და ტერნერი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ.