ბიძინა ივანიშვილის მოსკოვში არსებული უძრავი ქონების მინიმალურ საბაზრო ღირებულება 14.7 მილიონ დოლარს შეადგენს. გამოძიება საერთაშორისო ჟურნალისტებმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თანაავტორობით ჩაატარეს.
პუბლიკაციის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი მოსკოვის პრესტიჟულ რაიონებში (სოკოლსა და ოდინცოვში) მდებარე 2 კერძო საცხოვრებელს ფლობს, რომლის ფართობიც 795.6 და 614.5 კვ.მ-ია.
გამოძიებაში აღნიშნულია, რომ ივანიშვილს მოსკოვური ქონების ნაწილი 2013 წელს, პრემიერმინისტრის პოზიციაზე ყოფნისას, მხოლოდ ერთ დეკლარაციაში აქვს ასახული, თუმცა ქონების დიდი ნაწილის შეძენა 2021 და 2024 წელს, ეკატერინე ხვედელიძის სახელზე მოხდა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ცნობით, ახლად დარეგისტრირებული ქონებიდან ნაწილს მანამდე ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი ფლობდა.
"საუბარია მოსკოვის ორ პრესტიჟულ რაიონში, სოკოლსა და ოდინცოვოში (დასახლება იზმალკოვო), მდებარე 2 კერძო საცხოვრებელ სახლზე (795.6 და 614.5 კვ.მ.), რომელთაგან ერთ-ერთს ესაზღვრება 9 მომიჯნავე მიწის ნაკვეთისგან შემდგარი 52,749 კვ.მ ფართობის ეზო, მათზე არსებული 3 გარაჟითა და 9 დამხმარე ნაგებობით.
აღმოჩენილი ქონების სავარაუდო საბაზრო ღირებულება მინიმუმ 14.7 მლნ დოლარია, დიდი ალბათობით კი – გაცილებით მეტი. ამასთან, ივანიშვილების ოჯახი ერთ-ერთ რეზიდენციას თვეში დაახლოებით 9,000 დოლარად (დაახლოებით 800,000 რუბლი) აქირავებს და ამ გზით შემოსავალს იღებს; ხოლო თანხების განკარგვისთვის გამოყენებულია აშშ-ის მიერ სანქცირებული 2 რუსული ბანკი, ვითიბი ბანკი და სბერბანკი.
ქონებები რეგისტრირებულია ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის, მისი შვილის, უტა ივანიშვილისა და რუსული კომპანია შპს „აკვა-სფეისის“ სახელზე. ამ უკანასკნელს ბიძინა ივანიშვილი ოფშორული კომპანიის საშუალებით ფლობს.
მოსკოვური ქონების ნაწილი ბიძინა ივანიშვილს 2013 წელს პრემიერის რანგში შევსებულ ერთადერთ დეკლარაციაში ნახსენები აქვს. თუმცა, ქონების უდიდესი ნაწილის შეძენა და რეგისტრაცია ეკატერინე ხვედელიძის სახელზე ბოლო წლებში 2021 და 2024 წელს, სულ რამდენიმე თვის წინ, მოხდა. ამასთან, ახლად რეგისტრირებული ქონებიდან ნაწილს მანამდე ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი ფლობდა". - წერს TI.
TI-ის თქმით, ივანიშვილის მეუღლე, ეკა ხვედელიძე მოსკოვში ქონების დაგროვებას დღემდე განაგრძობს.
"ეკა ხვედელიძე მოსკოვში ქონების დაგროვებას დღესაც განაგრძობს: მან 2021 წელს შეიძინა დამატებით 2 მომიჯნავე მიწის ნაკვეთი (საერთო ფართით 9,070 კვ.მ.) მათზე არსებული რამდენიმე შენობა-ნაგებობით, მათ შორის 795.6 კვ.მ. ფართობის კერძო საცხოვრებელი სახლით; ხოლო, სულ რამდენიმე თვის წინ, 2024 წლის 19 აპრილს – 4,500 კვ.მ. ფართობის კიდევ ერთი მომიჯნავე მიწის ნაკვეთი". - წერია საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს პუბლიკაციაში.