ივანიშვილის პროპაგანდის ფონზე, რომელიც საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებს ომის დაწყებაში, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის წერილი, სადაც ის მხარდაჭერას უცხადებს ქართველ ხალხს, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, სწორედ 7 აგვისტოთი თარიღდება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავას განცახდებით, ივანიშვილის პრორუსული ხელისუფლება ვერ გადაწერს საქართველოს უახლეს ისტორიას რუსულად.
„2024 წლის 7 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პრეზიდენტ ზურაბიშვილს მიწერა ოფიციალური წერილი, სადაც აღნიშნავს, რომ რუსეთის საქართველოში შემოჭრიდან 16 წლის თავზე, ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ მყარად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ისევე როგორც ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს.
ივანიშვილის პროპაგანდის ფონზე, რომელიც აგვისტოს ომის დაწყების თარიღს უკავშირდება და სინამდვილეში არის მოღალატეობრივი მცდელობა საკუთარი ქვეყანა ომის დაწყებაში დაადანაშაულოს, ამ პროპაგანდის ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წერილი სალომე ზურაბიშვილის მიმართ, სადაც ის მხარდაჭერას უცხადებს ქართველ ხალხს, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს სწორედ 7 აგვისტოთი თარიღდება.
ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მთელი მსოფლიო პუტინის რუსეთის და მისი ინტერესების გამტარი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების გარდა, ერთმნიშვნელოვნად თანხმდება, მათ შორის ჰააგას საერთაშორისო ტრიბუნალის გადაწყვეტილების საფუძველზე, რაც მსოფლიოს ყველაზე მაღალი სამართლებრივი ტრიბუნალია - რომ ომი დაიწყო რუსეთმა, რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტია და ნებისმიერი ალტერნატიული ნარატივის პროპაგანდირება არის საქართველოს ისტორიის რუსულად გადაწერის მცდელობა და შედის მხოლოდ და მხოლოდ პუტინის ინტერესებში.
პრეზიდენტი ბაიდენი აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკიდურესად იმედგაცრუებულია ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან რუსული კანონის მიღებით, ისევე როგორც ანტიდასავლური პროპაგანდის გამო, რომელსაც ტირაჟირებს ივანიშვილის ხელისუფლება იმ თავდასხმების გამო, რომელიც პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში გვესმის „ქართული ოცნების“ მხრიდან და დასავლეთის წინააღმდეგ.
სწორედ რუსული კანონის და ოცნების დასავლეთზე თავდასხმის გამო, ამერიკის შეერთებული შტატები, რომელსაც 6.2 მილიარდი დოლარის დახმარება აქვს გამოყოფილი საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ ჩვენი მეგობრობის მანძილზე, ახლა იძულებულია დახმარების დიდი ნაწილი შეაჩეროს. ასე აღარიბებს „ოცნება“ საქართველოს მოქალაქეებს, როცა თავად ოცნების ჩინოვნიკები დღითი დღე გაღარიბებული ხალხის ხარჯზე ყოველდღიურად მდიდრდებიან.
ივანიშვილის პრორუსული ხელისუფლება ვერ გადაწერს ვერც საქართველოს უახლეს ისტორიას რუსული ნარატივის განსამტკიცებლად და ვერ წაგვართმევს ვერც მომავალს, რუსული კანონის მიღებით, რომელიც ღრმად ვარ დარწმუნებული - ევროპული იქნება.
ამის გარანტი არის ქართველი ხალხი, რომელიც მჯერა, 26 ოქტომბერს აირჩევს ევროპას და არა რუსეთს, აირჩევს კეთილდღეობას და არა ივანიშვილის მიერ მოტანილ სიღარიბეს, აირჩევს ერთიანობას და არა დანაწევრებას, რომელსაც ივანიშვილის ხელისუფლება 12 ცდილობს საქართველოს მოქალაქეების ინტერესების წინააღმდეგ.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.