დღეს ქვეყანაში რომ არის მშვიდობა, ეკონომიკური ზრდა – ეს არის ჩვენი მონაპოვარი და არა ის, რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტი რა წერილს მისწერს სალომე ზურაბიშვილს – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილისადმი ჯო ბაიდენის წერილთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
ქადაგიშვილის თქმით, „წერილი გვაჩვენებს, რომ ამ შემთხვევაში საკითხი არის პოლიტიკურ ზეწოლაზე და არაობიექტურ მიდგომაზე“.
„ყველას აქვს საშუალება, თავისი ეროვნული ინტერესი მინიმალურად მაინც დაიცვას და საქართველოს არ აქვს. საქართველოს არ აქვს უფლება, დაიცვას ეროვნული ინტერესები და კიდევ ერთხელ 2008 წლის აგრესია არ განხორციელდეს, საქართველოს არ აქვს უფლება, მათ შორის, „შუა დერეფნის“ კორიდორი განავითაროს იმავე ჩინეთთან ერთად. „ქართული ოცნება“ იქნება თავისი ქვეყნის ინტერესების დამცველი. ამას საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის, აშშ-ის ადმინისტრაცია, ადრე თუ გვიან შეაფასებს დადებითად.
უკრაინის მაღალჩინოსნები მიტინგზე ვიდეოჩართვებით გვეუბნებოდნენ, უვარგისი მთავრობა გყავთ, რომ რუსეთზე ახლა შეტევას არ ახორციელებთ და არ ხდება ცხინვალსა და აფხაზეთში გასეირნება „ბეტეერებითა“ და ტანკებითო. აქ მიტინგები გვქონდა და გვეუბნებოდნენ, სირცხვილია, რომ ჩვენ რუსეთთან დაკავშირებით არ ვირჩევთ შემტევ პოზიციასო. რას ნიშნავს ეს? ამას მთელი მსოფლიო ტაშს უკრავდა. უკაცრავად და, არავინ გამოვა და არცერთი პრეზიდენტი ტელევიზორში არ გეტყვის, ტანკში ჩაჯექი და შეუტიე, რუსეთს ომი გამოუცხადეო. მთელი პოლიტიკა, ზეწოლა იყო საქართველოზე დახურულ კარს მიღმა თუ აქ მოწყობილ მიტინგებზე. ჩვენ ამას გავუძელით. ამის გამო მოჰყვა ზეწოლა. დღეს ქვეყანაში რომ არის მშვიდობა, ეკონომიკური ზრდა – ეს არის ჩვენი მონაპოვარი და არა ის, რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტი რა წერილს მისწერს სალომე ზურაბიშვილს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.