ბანგლადეშის დროებით მთავრობას, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი მუჰამედ იუნუსი ჩაუდგება სათავეში.
იუნუსი ბანგლადეშის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ქვეყნიდან გაქცეული შეიხ ჰასინას დიდი ხნის პოლიტიკურ მეტოქედ ითვლება.
84 წლის მუჰამედ იუნუსს 2024 წლის იანვარში ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს შრომის კანონმდებლობის დარღვევის გამო. იუნუსმა ბრალდების აღიარებაზე უარი განაცხადა და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.
მასობრივი სტუდენტური საპროტესტო მოძრაობის ლიდერებმა, პრემიერ-მინისტრ ჰასინას გაქცევის შემდეგ, უარი თქვეს სამხედროებით დაკომპლექტებულ დროებით მთავრობაზე და დაჟინებით მოითხოვეს, ეს პასუხისმგებლობა მუჰამედ იუნუსს აეღო თავის თავზე.
გავრცელებული ცნობით, მუჰამედ იუნუსი, რომელიც ამჟამად პარიზში იმყოფება სამედიცინო პროცედურების გამო, დათანხმდა შეთავაზებას და უახლოეს ხანებში დაბრუნდება ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში.
ნობელის პრემია მშვიდობის დარგში მუჰამედ იუნუსსა და მის მიერ დაარსებულ მიკრო-საკრედიტო ბანკ "გრამინს" (Grameen) 2006 წელს მიენიჭა.
ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო მღელვარებისა და პრემიერ-მინისტრის გაქცევის ფონზე, ბანგლადეშის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა, დროებითი მთავრობის ჩამოყალიბებამდე.
რამდენიმე კვირაა, ბანგლადეშში ფართომასშტაბიანი საპროტესტო დემონსტრაციები იმართება. საპროტესტო აქციები სამთავრობო სტრუქტურებში კვოტების სისტემის წინააღმდეგ დაიწყო.
ივლისის დასაწყისში ნელ-ნელა ქვეყანაში ვითარება დაიძაბა, დემონსტრაციები გადაიზარდა შეტაკებებში, რომლის დროსაც 250-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
აქციები მას შემდეგ შეწყდა, რაც უზენაესმა სასამართლომ სამთავრობო სექტორში სამუშაო კვოტების უმეტესი ნაწილი გააუქმა, თუმცა შემდგომ სტუდენტებმა პროტესტი მაინც განაახლეს. ისინი მოითხოვდნენ სამართლიანობას დაღუპულთა ოჯახებისთვის.
4 აგვისტოს ქვეყანაში ვითარება ისევ დაიძაბა - აქციის მონაწილეები ქუჩებში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გამოვიდნენ. დღის განმავლობაში შეტაკებები მოხდა დაკასა და ქვეყნის სხვა რაიონებში.
არეულობის ფონზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი შეიხ ჰასინა სამხედრო ვერტმფრენით ინდოეთში გაიქცა. იუწყებიან, რომ მან თავშესაფრის თხოვნით დიდ ბრიტანეთს მიმართა.