ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, აშშ-მა შეაჩერა რამდენიმე მიმდინარე პროექტის დაფინანსება, რომელთა შინაარსი კვლევითი საქმიანობა და ტრენინგებია.
მისი თქმით, საუბარია მაქსიმუმ 2 მილიონი ლარის ირგვლივ. მინისტრის განცხადებით, საუბარი არაა ლაბორატორიის ან ცენტრის დახურვაზე.
"არავითარი საუბარი ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვაზე და მისი საქმიანობის შეფერხებაზე არ არის. რეალურად საზოგადოებას გვინდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია, რომ ლუგარის ლაბორატორიაც და დაავადებათა კონტროლის ცენტრიც შეუფერხებლად განაგრძობს მუშაობს.
ყველამ მინდა კარგად იცოდეს, რომ საუბარი არის რეალურად რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებაზე, რომლის შინაარსიც გახლავთ კვლევითი საქმიანობა, ტრენინგები და ასე შემდეგ, ეს არ გახლავთ არც ერთი ისეთი პროგრამა, რომელზეც დამოკიდებულია რომელიმე ჯანდაცვის პროგრამის განხორციელება და შესაბამისად სისტემისთვის ამ თვალსაზრისით გახლავთ მნიშვნელოვანი", - თქვა სარჯველაძემ.
სარჯველაძე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსა და სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა ჩვეულ რიტმს დროულად დაუბრუნდება.
„ვწუხვარ, მართლა ძალიან ვწუხვარ, რომ მე ვიტყოდი ორმხრივად, ორივე ქვეყნისთვის იმავდროულად, საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით იქნა მიღებული ასეთი გადაწყვეტილება. ვფიქრობ, იმის გათვალისწინებით, რომ ეს გახლავთ არა მხოლოდ ჩვენი ორი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტი, საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის მნიშვნელოვანი პროექტი, არამედ ეს არის გლობალურად ჯანდაცვის სისტემების მდგრადობის გაუმჯობესებისთვის დაგეგმილი გარკვეული ინიციატივები, რომლის განხორციელებაც ყველასთვის თანაბრად საინტერესო და მნიშვნელოვანი უნდა იყოს. დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება ყველა ურთიერთობა და მიზეზი ამ სახის ამ თემასთან დაკავშირებული სიმულაციებისთვის, ყველა ამის მსურველ ადამიანს, მოესპობა", - განაცხადა სარჯველაძემ.