სააგენტო "ფრანს პრესის“ ცნობით, დღეს ბანგლადეშში არეულობის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
”სულ მცირე 56 ადამიანი დაიღუპა ორშაბათს ბანგლადეშში არეულობის დროს,” - აღნიშნავს გამოცემა.
ბანგლადეშში მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებისა და არეულობის ფონზე, პრემიერ-მინისტრი შეიხ ჰასინი გადადგა თანამდებობიდან და სამხედრო თვითმფრინავით გაიქცა ქვეყნიდან.
შეიხ ჰასინას გადადგომის შემდეგ ქვეყნის დედაქალაქ დაკაში მასობრივი ძარცვა დაიწყო.
დემონსტრანტები შეიჭრნენ და დააზიანეს შინაგან საქმეთა მინისტრის, ასადუზამან ხანის რეზიდენცია, პრემიერ-მინისტრის რეზიდენციიდან კი მოსახლეობას ავეჯი გამოაქვს.
დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს მუჯიბურის, რომელიც მოკლეს პრეზიდენტის პოსტზე 1975 წელს, მემორიალურ მუზეუმს.
ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ სილჰეტში დაწვეს კომისრის მოადგილისა და პოლიციის ზედამხედველის ოფისები.
რამდენიმე კვირაა, ბანგლადეშში ფართომასშტაბიანი საპროტესტო დემონსტრაციები იმართება. საპროტესტო აქციები სამთავრობო სტრუქტურებში კვოტების სისტემის წინააღმდეგ დაიწყო.
ივლისის დასაწყისში ნელ-ნელა ქვეყანაში ვითარება დაიძაბა, დემონსტრაციები გადაიზარდა შეტაკებებში, რომლის დროსაც 250-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
აქციები მას შემდეგ შეწყდა, რაც უზენაესმა სასამართლომ სამთავრობო სექტორში სამუშაო კვოტების უმეტესი ნაწილი გააუქმა, თუმცა შემდგომ სტუდენტებმა პროტესტი მაინც განაახლეს. ისინი მოითხოვდნენ სამართლიანობას დაღუპულთა ოჯახებისთვის.
4 აგვისტოს ქვეყანაში ვითარება ისევ დაიძაბა - აქციის მონაწილეები ქუჩებში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გამოვიდნენ. დღის განმავლობაში შეტაკებები მოხდა დაკასა და ქვეყნის სხვა რაიონებში.
არსებული მონაცემებით, გუშინდელი დღის განმავლობაში 93 ადამიანი დაიღუპა. ბევრი დაიღუპა ტყვიით მიღებული ჭრილობების შედეგად. დაღუპულთა შორის სულ მცირე 14 პოლიციელია.
დაშავდა რამდენიმე ასეული ადამიანი. გავრცელდა ინფორმაცია ხანძრის გაჩენის, ვანდალიზმის, გზების გადაკეტვის, პოლიციის განყოფილებებზე თავდასხმებსა და შენობების ალყაში მოქცევის შესახებ.
გამოცემა The Daily Star-ის ცნობით, ქვეყანაში არეულობის დაწყების დღიდან სულ მცირე 10 ათასი ადამიანია დაკავებული.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინდოეთში ჩასვლის შემდეგ ბანგლადეშის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, შეიხ ჰასინამ ბრიტანეთს სთხოვა თავშესაფარი.