31 ივლისს, მრავალწლიანი ყოფნის შემდეგ, რუსმა მესაზღვრეებმა ოფიციალურად დატოვეს ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტი.
მედიის ცნობით, ერევნის აეროპორტის საჰაერო გამშვები პუნქტის დაცვის სომხეთისთვის გადაცემის ოქმს ხელი მოაწერეს სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების მეთაურმა ედგარ უნანიანმა და რუსეთის FSB-ს სასაზღვრო დეპარტამენტის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა რომან გოლუბიცკიმ.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სომხურმა მხარემ მადლობა გადაუხადა რუსულ მხარეს "გრძელვადიანი ერთობლივი სამსახურისთვის საზღვრის კონტროლის უზრუნველსაყოფად“ და განაცხადა, რომ „არ აქვს პრეტენზია რუსული მხარის მიმართ".
"რუსმა მესაზღვრეებმა ზვართნოცის აეროპორტში საპასპორტო კონტროლი 14:00 საათიდან შეწყვიტეს", - განაცხადა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა. სომეხ მესაზღვრეებს ვუსურვებ კარგ და უსაფრთხო სამსახურს", - წერს ის სოციალურ ქსელ X-ში.
ზვართნოცის აეროპორტში სომხებთან ერთად რუსი მესაზღვრეები სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების საფუძველზე, 1992 წლიდან მუშაობდნენ.
შეგახსენებთ, სომხეთმა 2024 წლის მარტში აცნობა რუსეთს, რომ რუსმა მესაზღვრეებმა უნდა დატოვონო ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტი.
მანამდე სომხეთის პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა მოუწოდა მათი გაყვანისკენ და აღნიშნა, რომ იაინი არათუ იცავდნენ საზღვრებს, არამედ ყველაფერი გააკეთეს, რომ ის უფრო დაუცველი გამხდარიყო. სიმონიანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთს შეუძლია თავის დაცვა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ოფიციალური ერევნის „არამეგობრული ქცევის“ კიდევ ერთი მაგალითი უწოდა.
რუსი მესაზღვრეების გაყვანა ასევე დაჟინებით მოითხოვა მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის მდივანმა, არტურ ოვანესიანმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს საკითხი აწუხებს არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, არამედ „საზოგადოების უმრავლესობასაც“.