ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა მკაცრად დაგმო სასტიკი სისხლისღვრა რომელიც რამდენიმე საათის წინ მოხდა ჩრდილოეთ ისრაელის მიერ კონტროლირებად გოლანის მაღლობზე მაჯდალ შამსის რაიონში .
„მკაცრად ვგმობ ამ სისხლისღვრას. ჩვენ გვჭირდება ამ მიუღებელი ინციდენტის დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება. მოვუწოდებთ ყველა მხარეს გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება და თავიდან აიცილონ შემდგომი ესკალაცია“, - თქვა ბორელმა განცხადებაში, მას შემდეგ, რაც იხილა შოკისმომგვრელი კადრები საფეხბურთო მოედნიდან, რომელიც ცეცხლის ქვეშ მოექცა.
შეგახსენებთ, 12 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა გოლანის მაღლობზე განხორციელებული საჰაერო დაბომბვის შედეგად. დაღუპულთა შორის არიან ბავშვები და ახალგაზრდები. თავდასხმა საფეხბურთო მოედანზე მოხდა, სადაც ბავშვები თამაშობდნენ.
ასევე დაშავებულთა შორის უმეტესობა ბავშვია.
ისრაელის თავდაცვის ძალები თავდასხმაში ლიბანის შიიტურ გასამხედროებულ მოძრაობა „ჰეზბოლას“ ადანაშაულებენ, თუმცა „ჰეზბოლა“ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.