პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში მიიჩნევს, რომ ვოლინის საკითხის მოგვარების გარეშე უკრაინა ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება.
როგორც პოლონური მედია იუწყება, მინისტრმა განაცხადა, რომ პოლონეთი მაქსიმალურად მხარს დაუჭერს უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.
თუმცა, დასძინა, რომ ყველაფერი არ არის იდეალურად ქვეყნების ურთიერთობებში გადაუჭრელი ისტორიული საკითხების გამო.
მინისტრის აზრით, ვოლინის საკითხის მოგვარების გარეშე უკრაინა ევროკავშირს ვერ შეუერთდება.
ამავე დროს, კოსინიაკ-კამიშმა თქვა, რომ ომის დასრულება ნიშნავს მხოლოდ უკრაინის გამარჯვებას.
„ნებისმიერი სხვა ვარიანტი კვლავ ომის პირდაპირ საფრთხედ რჩება პოლონეთისთვის“, - თქვა მან.
გასული წლის ივლისში, პოლონეთის სეიმმა მიიღო რეზოლუცია ვოლინის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის 80 წლისთავთან დაკავშირებით, რომელშიც ნათქვამია, რომ პოლონეთ-უკრაინის შერიგება უნდა მოიცავდეს „დანაშაულის აღიარებას და მსხვერპლთა ხსოვნას“.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ეწვივნენ ლუცკს და ვოლინის ტრაგედიის მსხვერპლებს პატივი მიაგეს.
პოლონეთის სეიმის 2016 წლის 22 ივლისის დადგენილებით, 11 ივლისი არის უკრაინელი ნაციონალისტების მიერ პოლონეთის მოქალაქეების გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის ეროვნული დღე.
როგორც მედია წერს, პოლონეთის პარლამენტმა განაცხადა, რომ მკვლელობები, რომლებიც განხორციელდა 1943-1945 წლებში სტეპან ბანდერას ხელმძღვანელობით, უკრაინის მეამბოხე არმიისა და უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციის მიერ, გენოციდის ელემენტებს შეიცავს. მედია ასევე იუწყება, რომ უკრაინამ არ მიიღო ეს მტკიცება და ხშირად მოიხსენიებს ვოლინის მოვლენებს, როგორც პოლონეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ნაწილს, რომელიც შეეხო ორივე ერს. როგორც მედია წერს, პოლონელი ისტორიკოსები ამბობენ, რომ 12 000-მდე უკრაინელი ასევე დაიღუპა პოლონეთის საპასუხო ოპერაციების შედეგად.