ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი მიიჩნევს, რომ თუ უნგრეთის ღირებულებები იმდენად განსხვავდება ევროკავშირის ღირებულებებისგან, მაშინ ევროკავშირში უნგრეთის დარჩენის საკითხის განხილვაზე უნდა დაფიქრდნენ.
ვალტონენმა აღნიშნა, რომ ორმხრივ დიპლომატიაში უნგრეთი არ უნდა წარმოადგენდეს ან არ უნდა შექმნას შთაბეჭდილება, რომ იგი წარმოადგენს ევროკავშირს, როდესაც მისი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, მაგალითად, მოსკოვსა და პეკინში ჩადის.
მისი თქმით, უნგრეთის შეხედულებები არ შეესაბამება ევროკავშირის ოფიციალურ ხაზს.
„რა თქმა უნდა, ეს თითოეული ცალკეული ქვეყნის საქმეა, მაგრამ რაღაც მომენტში ღირს კითხვა, არის თუ არა ევროკავშირი სწორი ბლოკი, თუ იდეები ასე ძირეულად განსხვავდება ჩვენი საერთო ღირებულებებისგან“, - თქვა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ არ გაუგზავნის სიგნალს უნგრეთს, რომ მან უნდა გადახედოს ევროკავშირში წევრობას.
შეგახსენებთ, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელიმ გუშინ განაცხადა. რომ უკრაინასთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიციის გამო, ევროკავშირის მომავალი საგარეო და თავდაცვის მინისტერიალის შეხვედრები ბრიუსელში გაიმართება და არა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში.