ევროკავშირმა კიდევ 6 თვით - 2025 წლის 31 იანვრამდე გაახანგრძლივა სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის გამო.
როგორც ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, პირველი სანქციები ჯერ კიდევ 2014 წელს შემოიღეს, მაგრამ 2022 წლის თებერვლის შემდეგ ისინი მნიშვნელოვნად გაფართოვდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი ომის გამო.
„ეს სანქციები, რომელიც პირველად 2014 წელს იქნა შემოღებული, მნიშვნელოვნად იყო გაფართოებული 2022 წლის თებერვლის შემდეგ რუსეთის მიერ უკრაინაზე არაპროვოცირებული, გაუმართლებელი და უკანონო სამხედრო აგრესიის პასუხად". ნათქვამია ევროპული საბჭოს განცხადებაში.
შეზღუდვები მოიცავს ვაჭრობის სფეროს, ფინანსებს, ტექნოლოგიებს, ორმაგი დანიშნულების ტვირთებს. სანქციები დაწესებულია მრეწველობის, ტრანსპორტისა და ფუფუნების საქონელზე. ასევე, რუსეთიდან ევროკავშირში საზღვაო ნედლი ნავთობისა და გარკვეული ნავთობპროდუქტების იმპორტის ან გადაცემის აკრძალვას, რამდენიმე რუსული ბანკის SWIFT-იდან გათიშვას, კრემლის პროპაგანდისტული მედიასაშუალებების საქმიანობისა და ლიცენზიების შეჩერებას.