აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორმა კიმბერლი ჩიტლმა კონგრესის მოსმენაზე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო მიტინგზე ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა მისი უწყების მარცხია.
„ჩვენ თავი ვერ გავართვით. როგორც საიდუმლო სამსახურის დირექტორი, მე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას უსაფრთხოების ნებისმიერ დარღვევაზე. 13 ივლისს ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა საიდუმლო სამსახურის ყველაზე მნიშვნელოვანი მარცხია ბოლო ათწლეულების განმავლობაში“, - თქვა ჩიტლმა.
რესპუბლიკელების ბრალდებების საპასუხოდ, რომ საიდუმლო სამსახური უარს ამბობდა რესურსების გამოყოფაზე ტრამპის დასაცავად, მან თქვა, რომ მისი უსაფრთხოება, პირიქით, ტრამპზე თავდასხმამდე გაძლიერებული იყო.
”ყოფილი პრეზიდენტისთვის უზრუნველყოფილი უსაფრთხოების დონე წინასაარჩევნო კამპანიამდე საკმაოდ გაიზარდა და ძლიერდებოდას საფრთხის გამო,” - თქვა ჩიტლმა.
რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა კონგრესმენებმა კიმბერლი ჩიტლს კითხვები დაუსვეს, იმყოფებოდნენ თუ არა საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლები სახურავზე, საიდანაც შეიარაღებულმა თავდამსხმელმა, თომას ქრუქსმა ექსპრეზიდენტს ცეცხლი გაუხსნა; წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე გაუშვა თუ არა თომას ქრუქსმა ჰაერში დრონი და რატომ არ შეაჩერეს ის, როდესაც არაერთმა ადამიანმა ის სახურავზე ცეცხლსასროლი იარაღით შენიშნა.
კიმბერლი ჩიტლმა შეკითხვების ნაწილს თავი აარიდა, ზოგიერთ შეკითხვას კი უპასუხა, რომ „ინციდენტიდან მხოლოდ ცხრა დღეა გასული და ჯერ კიდევ გამოძიება მიმდინარეობს“.
უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი რესპუბლიკელი პოლიტიკოსი, განსაკუთრებით წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი და რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერი მიტჩ მაკკონელი, ჩიტლის გადადგომას ითხოვენ.