ისრაელმა 2023 წლის 7 ოქტომბერს ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ გატაცებული კიდევ ორი მძევლის დაღუპვა დაადასტურა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ორშაბათს, 22 ივლისს განაცხადეს, რომ 76 წლის ალექს დანციგისა და 35 წლის იაგავ ბუხშტაბის ნათესავებს აცნობეს მათი დაღუპვის შესახებ.
ისრაელის არმიის განცხადებით, ორივე კაცი "სასტიკად გაიტაცეს ღაზის სექტორში" გასული წლის 7 ოქტომბერს, მათი ცხედრები "ჰამასის" ხელშია.
მედიის ცნობით, მათი დაღუპულებად გამოცხადების გადაწყვეტილება ეფუძნება სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციას. გარდაცვალების გარემოებებს ისრაელის ხელისუფლება იძიებს.
თავის მხრივ, მძევლების ოჯახების ფორუმმა აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია არის მკაფიო შეხსენება დატყვევებული მძევლების სახლში დაბრუნების გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ.
იაგავი და ალექსი ცოცხლები დაატყვევეს და ცოცხლები უნდა დაბრუნებულიყვნენ თავიანთ ოჯახებსა და ქვეყანაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამ დროისათვის ისრაელელმა სამხედროებმა 44 მძევლის დაღუპვა დაადასტურეს.