თუ ვინმე არის ამ ქვეყანაში სიმშვიდის დამრღვევი და ომის პარტია, ეს არის „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ პარტია "ახალის" თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
გვარამიამ კომენტარი გააკეთა ივანიშვილის განცხადებაზე, რომელშიც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე აგვისტოს ომის დაწყებაში ისევ წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს.
„სიტყვა „ომს“ ხმარობენ ყველა ბრუნვაში და ყველაზე ხშირად, რაც არანორმალური ვითარებაა და ცხადყოფს, რომ თუ ვინმე არის ამ ქვეყანაში სიმშვიდის დამრღვევი და ომის პარტია, ეს არის „ქართული ოცნება“. არავითარი ომი ამ ქვეყანაში არ იქნება და რამდენიც არ უნდა შეაშინოს საქართველოს მოსახლეობა „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, სად არის ჩვენი უსაფრთხოება სინამდვილეში - ეს არის დასავლეთში, - განაცხადა ნიკა გვარამია,
ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას „ნაციონალურ მოძრაობაზე" განაცხადა: „არჩევნების შემდეგ, მათ მოუწევთ პასუხისგება ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინეს, განსაკუთრებით, 2008 წელს დაკვეთის შესრულებისა და ქვეყნის ომში ჩართვის გამო“.