იმისათვის, რომ ომი სამართლიანად დასრულდეს კიევისთვის და მსოფლიოსთვის, შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა უნდა გადადონ უთანხმოება და ერთად იმოქმედონ როგორც შუამავლებმა რუსეთთან მოლაპარაკებებში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკიმ თქვა, რომ პეკინს სერიოზული როლი ეკისრება ომის დასრულებაში, რადგან რუსეთი დიდად არის დამოკიდებული ჩინეთის საექსპორტო ბაზარზე. უკრაინის პრეზიდენტი დაეთანხმა ფინეთის პრეზიდენტის ალექსანდრ სტუბის აზრს, რომელმაც ადრე Bloomberg-თან საუბარში განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის ერთი სატელეფონო ზარი მოაგვარებდა რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო კონფლიქტს.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მოსკოვთან შესაძლო მოლაპარაკებების შემთხვევაში, ის არ ელის რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მონაწილეობას, რადგან მას ძალიან ეშინია მოლაპარაკებებში მონაწილეობის. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა არ გამორიცხა პუტინის დასწრება კიევის მიერ ორგანიზებულ სამშვიდობო სამიტზე.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ არ მიიღო უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის წინადადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად. ზელენსკის თქმით, ცეცხლის შეწყვეტა მკაფიო გეგმის გარეშე, ნიშნავს კონფლიქტის გაყინვას და არა დასრულებას. უკრაინის ლიდერმა შეშფოთება გამოთქვა, რომ რუსეთს შეუძლია ისარგებლოს პაუზით ძალების დაგროვებისა და საომარი მოქმედებების განახლებისთვის.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ მზადაა შეხვდეს აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რათა მოუსმინოს მის წინადადებებს რუსეთთან მშვიდობის შესახებ. ზელენსკის თქმით, უკრაინის ხელისუფლებას სურს გაიგოს, ექნება თუ არა შეერთებული შტატების არჩევნების შემდეგ ძლიერი მხარდაჭერა თუ სრულიად მარტო დავრჩება.
მანამდე ტრამპის მრჩევლებმა შესთავაზეს გეგმა, რომლის მიხედვითაც კიევი მეტ იარაღს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ რუსეთთან მოლაპარაკებები დაიწყება.
კიევის მიერ მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი პირობაა უკრაუნის ტერიტორიებიდან, მათ შორის ანექსირებული ყირიმიდან რუსეტის ძალერბის გაყვანა 1991 წლამდე არსებულ საზღვრებთან დაბრუნება.