ორმხრივი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა მედიას განუცხადა, რომ უკრაინელ კოლეგას შესთავაზა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა რუსეთის ჯარებთან კონტაქტის ამჟამინდელ ხაზზე. ორბანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ არის ომის დასრულების უკრაინის გეგმების მოწინააღმდეგე, მაგრამ მიიჩნევს, რომ გეგმები განსახორციელებლად ხანგრძლივია.
„მე ვუთხარი ბატონ პრეზიდენტს, რომ მის ინიციატივებს დიდი დრო სჭირდება საერთაშორისო დიპლომატიის წესებიდან გამომდინარე. ამიტომ, ვთხოვე მას, ეფიქრა იმაზე, შეიძლებოდა თუ არა რაღაცის გაკეთება ცოტა სხვანაირად: ცეცხლის შეწყვეტა და შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკება, რადგან ცეცხლის შეწყვეტა დააჩქარებდა მოლაპარაკებების ტემპს”, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.
უკრაინული მედიის ცნობით, ვიქტორ ორბანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაჟინებით არ მოითხოვდა საკუთარ ინიციატივას და მიიღო უკრაინული არგუმენტები.
”მე ძალიან მადლობელი ვარ პრეზიდენტის გულწრფელი აზრისთვის ამ საკითხთან დაკავშირებით,” - თქვა მან და პირობა დადო, რომ ევროკავშირის სხვა ლიდერებს გადასცემს იმას, რაც კიევში მოისმინა.
უკრაინული მედია ხაზს უსვამს, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავის გამოსვლაში თავი აარიდა ამ საკითხს, მაგრამ აღნიშნა, რომ უნგრეთმა მხარი დაუჭირა უკრაინის სამშვიდობო ინიციატივებს შვეიცარიის სამიტზე.
„უნგრეთმა მონაწილეობა მიიღო პირველ სამშვიდობო სამიტში და მხარი დაუჭირა სამიტის კომუნიკეს, ეს მიუთითებს უნგრეთის მზადყოფნაზე იყოს ეფექტური რეალური გრძელვადიანი უსაფრთხოების დასაბრუნებლად“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.