საფრანგეთში, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგად ულტრამემარჯვენე პოპულისტი პოლიტიკოსის, მარინ ლე პენის პარტია „ეროვნული გაერთიანება“ლიდერობს, საფრანგეთის ქალაქების ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა.
მედიის ინფორმაციით, პარიზში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა მემარჯვენე ექსტრემიზმის მოწინააღმდეგე 8 000-მდე ადამიანი. მათ შეუერთდნენ მემარცხენე პოლიტიკოსები. მომიტინგებს გამოტანილი ჰქონდათ ანტიფაშისტური შინაარსის პლაკტები.
საპროტესტო აქციები ასევე გაიმართა ლიონში, ნანტში, დიჟონში, ლილსა და მარსელში. მედიის ცნობით, პარიზსა და ლიონში აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. დემონსტრანტების ნაწილმა სამართალდამცავებს პეტარდები ესროლა. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.
საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური 30 ივნისს გაიმართა. ეგზიტპოლის შედეგებით, ულტრამემარჯვენეებს ხმა მისცა 34%-მა, მემარცხენეთა ალიანსს, „ახალ სახალხო ფრონტს“ - 28,1%-მა, ხოლო პრეზიდენტ მაკრონის ცენტრისტულ კოალიციას - 20,3%-მა.