აზერბაიჯანი და სომხეთი მიწვეული არიან ვაშინგტონში ნატო-ს სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა ბაქოში ჟურნალისტებს განუცხადა. სამიტი 9-11 ივლისს გაიმართება.
მან აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ატარებს ამ ღონისძიებას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველა პარტნიორი ქვეყნისთვის, მათ შორის აზერბაიჯანისა და სომხეთის ჩათვლით.
"მოველით, რომ ორივე ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას", - თქვა მდივნის თანაშემწემ. საერთო ჯამში, ო'ბრაიენის თქმით, ღონისძიებაში ნატო-ს 30 პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზადაა შეერთებულ შტატებში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ახალი შეხვედრის ირგანიზებისათვის.
"იმედი მაქვს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები რაც შეიძლება მალე გამონახავენ შეხვედრის შესაძლებლობას. თუ ეს მოხდება ვაშინგტონში, ჩვენ მოხარული ვიქნებით. მაგრამ ბევრი არხია და ორივე მხარე ინარჩუნებს ძალიან ეფექტურ პირდაპირ კავშირს. ჩვენ ამ პროცესში ვართ, როგორც მეგობრები, რითაც შეგვიძლია დავეხმაროთ“, - თქვა ო'ბრაიენმა.
მან გამოთქვა რწმენა ამიერკავკასიის ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების შესაძლებლობის შესახებ.
"მშვიდობის დამყარება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 30-წლიანი კონფლიქტის შემდეგ იქნება ხანგრძლივი პროცესი, მაგრამ შემდეგ ის გადაიქცევა უფრო ღრმა ურთიერთობებად საზოგადოებებს შორის. მე ვფიქრობ, რომ საზღვრის დელიმიტაციის შესახებ ბოლო შეთანხმებები ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო," ო' თქვა ბრაინმა.
მისი თქმით, საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის იარაღის მიყიდვა ვაშინგტონში შეშფოთებას არ იწვევს. „საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის იარაღის მიყიდვის შესახებ ჩვენ გავიგეთ მედიიდან, ამიტომ ეს არ არის შეთანხმებული ძალისხმევა.
სომხეთი ცდილობს გახდეს სტაბილური სახელმწიფო. მე ვფიქრობ, კერძოდ, პარტნიორი, რომელიც არ არის დამოკიდებული რუსეთზე. იმიტომ, რომ რუსეთის დახმარებას ხშირად თან ახლავს პირობები და გავლენა, რაც, ჩემი აზრით, უარყოფითად აისახება რეგიონის განვითარებაზე“, - განაცხადა ო’ბრაიენმა.