შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ხანძრების პრევენციისა და სწრაფი რეაგირების მიზნით, კახეთის რეგიონში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში საველე ოპერაციების შტაბი გახსნა. კახეთის რეგიონში სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟების დამატებითი მობილიზება მარცვლეულის აღების პროცესს უკავშირდება, რაც ხშირ შემთხვევაში მინდვრის ხანძრების რისკს ზრდის.
აღსანიშნავია, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, გაძლიერებული მონიტორინგის მიზნით, დამატებითი ძალების მობილიზება, როგორც სპეც-ტექნიკის ასევე, ცოცხალი ძალის საშუალებით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოშიც მოახდინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის ტყის და მინდვრის ხანძრების პრევენცია და დროული რეაგირება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ზაფხულის სეზონზე ტყის და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი იზრდება, რაც ხშირად გამოწვეულია მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე ცეცხლის დანთებით და დაუდევრობით.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვონ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი, დაუყოვნებლივ აცნობონ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს.