უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას პარტნიორების, კერძოდ, შეერთებული შტატების მიერ დამტკიცებული დახმარების პაკეტები სრულად და დაუყოვნებლად სჭირდება. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას ისაუბრა.
„დღეს მე მოვისმინე მთავარსარდლის სირსკის და უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოხსენება პარტნიორებისგან ჩვენი ძალებისა და მარაგების უზრუნველყოფის შესახებ. მთავარსარდალმა და მინისტრმა ასევე ისაუბრეს პარტნიორებთან კონტაქტებზე და ჩვენს მოლოდინებზე.
ჩვენ მადლობელი ვართ დამტკიცებული პაკეტებისთვის, მაგრამ ჩვენ ის ბრძოლის ველზე გვჭირდება სრულად და - დაუყოვნებლად. და ის, რომ ყველაფერი, რაზეც პრეზიდენტ ბაიდენთან შევთანხმდით, იყოს რეალიზებული“.
„მადლობელი ვარ ყველა პარტნიორის, მადლიერი ვარ ამერიკის გადაწყვეტილების გამო, რომელიც დაგვეხმარა სიტუაციის სტაბილიზაციაში ხარკოვის რეგიონის სასაზღვრო ზონაში - ჩვენ მივიღეთ შესაძლებლობა, გავანადგუროთ რუსული სარაკეტო დანადგარები საზღვართან და რუსი ოკუპანტების კონცენტრაციის ადგილები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ასეთი გადაწყვეტილებები უნდა გაგრძელდეს.
„ხარკოვისა და ოლქის წინააღმდეგ რუსული სარაკეტო ტერორის მნიშვნელოვანი შემცირება ადასტურებს, რომ აბსოლუტურად შესაძლებელია დავიცვათ ჩვენი ქალაქები და ჩვენი დასახლებები რუსული ბომბებისგან.
ამიტომ, უკრაინის თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები - „პეტრიოტები“, და ჩვენი პილოტების მომზადების დაჩქარება F-16-ისთვის და რაც მთავარია, ჩვენი იარაღის საკმარისად შორ მანძილზე მოქმედება – ეს არის ის, რაც ჩვენ ნამდვილად გვჭირდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.